logo
ENG



"ალეკოს მაგვარებო" - აქტივისტები დეპუტატებს პარლამენტში შეძახილებით აცილებენ

02 თებ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 

მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას ქართული ოცნების, პატრიოტთა ალიანსის განაყოფი ევროპელი სოციალისტებისა და ახლა უკვე მოქალაქეების წევრები, რომლებმაც მმართველ გუნდთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სადეპუტატო ადგილები დაიკავეს, საპროტესტო აქციის პარალელურად უყრიან კენჭს. 

პარლამენტის შენობასთან ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით აცილებენ. 

"ალეკოს მაგვარო", - სკანდირებენ აქტივისტები დეპუტატების გამოჩენისას. 

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერ პარლამენტართა მოთხოვნას, მათი საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილებს. კობახიძემ ახსნა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა საჯარო წნეხისა და "ბულინგის" გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, მმართველი გუნდი ახანგრძლივებს მოლაპარაკებების ფანჯარას და ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობას კვლავ ინარჩუნებს. 

კობახიძემ ხელისუფლების გადაწყვეტილება საპარლამენტო საბოტაჟის კონსტიტუციური მექანიზმებით შეკავებად შეაფასა. 

"სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განამხორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები". - თქვა მან.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდა, კრიტიკოსთა ნაწილმა პრეზიდენტის განცხადება ხელისუფლების პოზიციად შეაფასა და გუშინვე ივარაუდა, რომ სახელისუფლებო პარტია ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე უარს იტყოდა. 

სწორედ ამას მოუწოდებდა ხელისუფლებას გირჩის იმ ლიდერთა ნაწილი, რომლებსაც სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ. იაგო ხვიჩიამ 30 იანვარს განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს მამუკა მდინარაძეს სთხოვა, არ დაეკმაყოფილებინათ ოპოზიციონერ დეპუტატთა ოფიციალური მიმართვა, მანდატების გაუქმების შესახებ. ხვიჩიამ რუსთავი 2-თან სტუმრობისას პირობაც კი დადო, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში 113 დეპუტატს ვიხილავდით, რაც საკონსტიტუციო კვორუმის შევსებას სჭირდება. 

თავად საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა კი მოქალაქეების ლიდერებთან გაფორმებულ რეფერენდუმში არსებული პირობების ნაწილის შესრულებასაც კი სჭირდება. მაგალითისთვის, საარჩევნო ბარიერის ცვლილება, რომელსაც ელისაშვილსა და იოსელიანთან დადებული შეთანხმება ითვალისწინებს, 113 დეპუტატის მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რასაც, როგორც მინიმუმ, კიდევ 17 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა დასჭირდება. 


close დახურვა